ასოცირების შეთანხმება


ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის

ასოცირების მიზნებია:
a)ხელი შეუწყოს მხარეებს შორის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთო ღირებულებებსა და მჭიდრო კავშირებზე, მათ შორის, ევროკავშირის პოლიტიკაში, პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს მონაწილეობის გაზრდის გზით;
 b)უზრუნველყოს გაძლიერებული ჩარჩოს შექმნა საერთო ინტერესთა ყველა სფეროში გაღრმავებული პოლიტიკური დიალოგისთვის, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს, განავითარონ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები;
  c) ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ სტაბილურობას;
d)ხელი შეუწყოს, დაიცვას და გააძლიეროს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და  ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის 1975 წლის ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებზე დაყრდნობით, მათ შორის, დაძაბულობის კერების აღმოფხვრის, საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების; და აგრეთვე, საზღვრისპირა თანამშრომლობასა და კეთილმეზობლური ურთიერთობების წახალისების მიზნით, ძალისხმევის გაერთიანების გზით;
e)ხელი შეუწყოს თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას;
f)გააძლიეროს თანამშრომლობა თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში, რომლის მიზანია  კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა;
g) მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, განავითაროს მისი ეკონომიკური პოტენციალი საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით, მათ შორის მისი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების გზით;
h) მიაღწიოს ევროკავშირის შიდა ბაზართან საქართველოს ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმებით, განსაკუთრებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნის გზით, რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე  საფუძვლიან დაშვებას მდგრადი და ყოვლისმომცველი რეგულაციური დაახლოების საფუძველზე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წევრობის შედეგად წარმოშობილი უფლებებისა და ვალდებულებების დაცვით;

i)                    შექმნას პირობები საერთო ინტერესთა სხვა სფეროებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

 I კარი
ასოცირების  ხელშეკრულების  პირველი კარი ზოგად პრინციპებს შეეხება, რომელსაც მხარეები საქართველო და ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ:
დემოკრატიულ პრინციპებს;
ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას;
საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსა;
მდგრად განვითარებას.

პირველ კარში ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
აღნიშნული ხელშეკრულებით ევროკავშირი და საქართველო გამოდიან როგორც თანასწორუფლებიანნი და იღებენ თანაბარ ვალდებულებებს.
ერთი მხრივ ევროკავშირი და მეორე მხრივ საქართველო ითანამშრომლებენ იმისათვის, რათა გააძლიერონ დემოკრატიული ღირებულებები და განამტკიცონ ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
ერთი მხრივ 500 მილიონიანი ევროკავშირი და, მეორე მხრივ, 4 მილიონიანი საქართველო აღნიშნული ხელშეკრულებით ერთნაირ დონეზე განიხილება.
ასოცირების ხელშეკრულება თანასწორუფლებიანობას ეფუძნება, სადაც ევროკავშირი არ არის წარმოდგენილი, როგორც დიდი ძმა, რომელიც თამაშის წესებს კარნახობს საქართველოს მხარეს. ორივე მხარე თანასწორუფლებიანია  აღნიშნულ ურთიერთობებში. 

II კარი
საგარეო პოლიტიკა
 საქართველო და ევროკავშირი გამართავენ პოლიტიკურ დიალოგს, რომლის  მიზანია საქართველო მაქსიმალურად ახლოს მივიდეს ევროკავშირთან და გახდეს მისი ასოცირებული ნაწილი;
განმტკიცდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა;
მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას.
დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ასოცირების ხელშეკრულებით მიღებული  სარგებლის საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომობას, მათ შორის საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში.
დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანაში  რეფორმების განხორციელებას, კერძოდ ისეთ სფეროებში, როგორებიც არის საჯარო მმართველობა, სასამართლო რეფორმა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. 
კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას. ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ღირსეულ დაბრუნებას თავიანთ სახლებში.

III კარი
  ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა
ადამიანის უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა არის ის საფუძველი, რაზეც დგას და რომელსაც ემყარება ევროპული ღირებულებები. 
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი საქართველოში უფრო აიწევს.
მაგ., ადამიანის საკუთრება იქნება დაცული და არცერთ ადამიანს არ ექნება იმის შიში, რომ ხვალ-ზეგ რომელიმე  თანამდებობის პირმა ის აიძულოს აჩუქოს სახელმწიფოს მის საკუთრებაში არსებული რაიმე ქონება, არ ჰქონდეს არცერთ ადამიანს განცდა, რომ რომ მის ბიზნესს საფრთხე შეექმნება, თუ ის რომელიმე ხელისუფლების წინაამდეგ საკუთარ აზრს  თავისუფლად გამოხატავს.
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის  შემდეგ დამოუკიდებლობის სტანდარტი საქართველოში გაიზრდება. მოქალაქეებს ექნება უფრო მაღალი განცდა იმისა, რომ მისი უფლება იქნება დაცული და აღდგენილი და დარღვევის შემთხვევაში აღდგენილი ქართულ სასამართლოში. ჩვენ არ დაგვჭირდება სამართლის საძებნელად ევროპულ სასამართლოში წასვლა.
ცალკე მუხლი აქვს დათმობილი ადამიანის პირადი ცხოვრების, პირადი მონაცემების დაცვის საჭიროებას. ასოცირების ხელშეკრულების დადების შემდეგ ჩვენ მოველით, რომ აღარასოდეს არ მოხდება საქართველოში  უკანონოდ პირად ცხოვრებაში ჩარევა.
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ნიშნავს, რომ ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტი, თითოეული მოქალაქის უფლება უფრო მეტად დაცული იქნება  ვიდრე ეს ხდება დღეს.  
IV კარი
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობასა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები. 
მიზანი:  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის  სივრცის დაარსება.
თავისუფალი ვაჭრობის  სივრცე არსებობს იმისთვის, რომ ქვეყნებმა ერთმანეთთან შეღავათიანი პირობებით  შეძლონ საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა.
 რაც შეეხება ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ზონას, ეს არის ინტეგრაციის ბევრად უფრო ღრმა დონე, ეკონომიკური თანამშრომლობის ბევრად უფრო მაღალ ხარისხში აყვანილი ურთიერთობები.
ეს ნიშნავს:
ქვეყნები ერთმანეთს ყველა სახის სატარიფო განაკვეთებსა და არასატარიფო ბარიერს უხსნიან, ერთმანეთის ბაზარზე შეღწევადობა უფრო მაღალი დონისაა და ადვილად შესაძლებელი.
თავისუფალი ვაჭრობის სივრცის დაარსება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელს შეუწყობს:
სავაჭრო ბრუნვის გაზრდას ამ ორ აქტორს შორის - (დაახლოებით 12%-ია მოლოდინი ექსპორტის გაზრდის);
ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში.
რა არის საჭირო იმისათვის, რომ ამუშავდეს თავისუფალი სავაჭრო სივრცე ევროკავშირსა და საქართველოს შორის?
ასეთი სახის შეთანხმების რეალიზაციისათვის და მისი  სრული ამოქმედებისათვის აუცილებელია საქართველომ თავისი მარეგულირებელი სფერო - კანონები, რომლებიც ქვეყანაში არეგულირებენ ეკონომიკური საქმიანობის საკითხებს, მაქსიმალურად დაუახლოვოს ევროკავშირის სტანდარტებს.
ეს არის ისეთი სფეროები  როგორიცაა მაგალითად, სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, გარემოს დაცვა, შესყიდვები, ენერგეტიკა, ფინანსები  და სხვა...
მრავალ სხვა სფეროში საქართველოს დასჭირდება თავისი კანონმდებლობისა და თავისი ინსტიტუციონალური მოწყობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან.
ასეთ ვითარებაში საქართველოს ბაზარი, მისი მარეგულირებელი ჩარჩო იქნება სრულად თავსებადი ევროკავშირის სტანდარტებთან, ევროკავშირის  საკანონმდებლო ჩარჩოსთან.
ეს ძალიან გაუადვილებს ჩვენს მეწარმეებს ევროკავშირის ბაზარზე შეიტანონ თავისი პროდუქცია ზედმეტი ბიურაკრატიული დაბრკოლებების გარეშე.
საქართველოში მომხმარებლისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი ორად და მეტად   გაიზრდება პროდუქციის დაცულობისა და  უვნებლობის ხარისხი.
მომხმარებლები მიიღებენ ისეთ პროდუქტს, საქართველოში დამზადებულს თუ იმპორტირებულს, რომელიც   არ დააზარალებს მოსახლეობის ჯანმრთელობას.

მითი 6
მუხლი 220
 
ნაწყვეტი 4. აღიარებენ რა, რომ მარეგულირებელმა გარემომ შეიძლება გავლენა იქონიოს მხარეთა შორის ვაჭრობასა და ინვესტიციებზე, მხარეები უზრუნველყოფენ პროგნოზირებადი მარეგულირებელი გარემოს შექმნასა და ეფექტიან პროცედურებს ეკონომიკური ოპერატორებისთვის, მცირე და საშუალო საწარმოების ჩათვლით, სამართლებრივი სიცხადის და პროპორციულობის   გათვალისწინებით.

მუხლი 313
ნაწყვეტი 5. მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკის სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ყველა ეკონომიკური ოპერატორისთვის, განსაკუთრებული აქცენტით მცირე და საშუალო საწარმოებზე, როგორც ეს შესაბამისადაა განსაზღვრული ევროკავშირისა და საქართველოს კანონმდებლობებში. გაძლიერებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის და საქართველოს იმ ბიზნესების ადმინისტრაციული და მარეგულირებელი ჩარჩოების დახვეწას, რომლებიც ევროკავშირისა და საქართველოს ფარგლებში ფუნქციონირებენ, და დაეყრდნობა ევროკავშირის სამრეწველო და მცირე და საშუალო საწარმოების პოლიტიკას, ამ სფეროში საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით.

მუხლი 314
ნაწყვეტი 6. მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პოლიტიკის განხორციელება „მცირე ბიზნესის აქტით“ გათვალისწინებულ პრინციპებზე დაყრდნობით და იმპლემენტაციის პროცესის მონიტორინგი რეგულარული დიალოგის საშუალებით. ეს თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს  მიკრო და ხელნაკეთობათა საწარმოებზე ფოკუსირებას, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს ეკონომიკებისთვის; 
უკეთესი ჩარჩო პირობების შექმნა ინფორმაციის და კარგი პრაქტიკის გაცვლის გზით, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას. აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს ისეთი სტრუქტურული საკითხების (რესტრუქტურიზაცია) მართვას, როგორებიცაა გარემოს დაცვა და ენერგეტიკა;
რეგულაციებისა და მარეგულირებელი პრაქტიკის გამარტივება და რაციონალიზაცია, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მარეგულირებელი მექანიზმების შესახებ კარგი პრაქტიკის გაცვლის საკითხებზე, ევროკავშირის პრინციპების ჩათვლით;
მითი 9, 10, 11.
მუხლი 231
ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშემწყობი მდგრადი განვითარება
ნაწყვეტი 9. მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, გააძლიერონ ვაჭრობის წვლილი მდგრადი განვითარების მიზნის მისაღწევად, მათ შორის მის ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით მიმართულებებში...
მითი 14, 15
მუხლი 333
 ნაწყვეტი 10.
მხარეებს შორის თანამშრომლობა სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების კუთხით მოიცავს, inter alia, შემდეგ სფეროებს: 
·         სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების პოლიტიკის საკითხზე ურთიერთგაგების ხელშეწყობა;
·         ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება, რათა უზრუნველყოფილ იქნას პოლიტიკის დაგეგმვა, შეფასება, განხორციელება და ცხოვრებაში გატარება აღსრულება ევროკავშირის რეგულაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
·         სოფლის მეურნეობის წარმოების მოდერნიზაციისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;
·         სოფლის განვითარების პოლიტიკის შესახებ ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება სოფლის თემებში ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით;
·         სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ბაზრებზე ყველა დაინტერესებული მხარისათვის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
·         ხარისხიანი პოლიტიკისა და მისი კონტროლის მექანიზმების ხელშეწყობა,
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ჩათვლით;
·         ღვინის წარმოება და აგროტურიზმი
·         სასოფლო-სამეურნეო მწარმოებელთა შორის ინფორმაციის გავრცელება და ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარების ხელშეწყობა;
·         საკითხების ჰარმონიზაციისაკენ სწრაფვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რომლის წევრსაც წარმოადგენს ორივე მხარე.
V კარი
თანამშრომლობა საქართველოსა  და ევროკავშირს შორის  ეკონომიკის სფეროში.
ეს თანამშრომლობა გულისხმობს ორ მხარეს შორის ინფორმაციის გაცვლას, შეხვედრებს, დიალოგს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ემსახურება ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებას, სტრატეგიის შემუშავებას ეკონომიკური განვითარებისა და სხვა საკითხებში, რომლებშიც ევროკავშირს შეუძლია დახმარების გაწევა.
 საქართველო დაინტერესებულია მიიღოს რაც შეიძლება მეტი დახმარება რჩევებით ევროკავშირის მხრიდან, ჩვენი  ეკონომიკური პოლიტიკის შეფასება, ინფორმაციის გაცვლა და ერთმანეთის საქმის კურსში ჩაყენება ისეთ საკითხებში, როგორიცაა გაცვლითი კურსის საკითხები, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, როგორ ფუნქციონირებს ევროკავშირის მონეტარული პოლიტიკა, როგორ არის აწყობილი ევროკავშირში რეგიონული პოლიტიკა და როგორ შეიძლება მისი საქართველოში გადმოტანა და განვითარება და სხვ.
არსებობს ე.წ. ეკონომიკური დიალოგის ჩარჩო, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, მხარეები, მისი ინსტიტუტები და მათი წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს და განავითარონ დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც მოხდება ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება ეკონომიკურ სფეროში.
ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების განვითარება და ევროკავშირის მხრიდან ხელშეწყობა, მათი ჩამოყალიბებისა და წინსვლისა, როგორიცაა 
შიდა და გარე ფინანსური აუდიტი,
საგადასახადო პოლიტიკის გამჭვირვალობა,
მნიშვნელოვანია სტატისტიკური სამსახურის განვითარება და მისი შესაბამისობაში მოყვანა სტანდარტებთან, რადგანაც აუცილებელია ჩვენს შორის მოხდეს ინფორმაციის ისეთი გაცვლა, რომელიც უზრუნველყოფს თავსებადობას ამ ინფორმაციისა, რაც ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას, შეუწყობს ხელს, დაეხმარება ბიზნესს, ინვესტორს, რომ უკეთ მოხერხდეს  საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში ორიენტაცია.

მითი 7. 
მუხლი 277, მუხლი 278,
ნაწყვეტი 7.
ევროკავშირი და საქართველო ხელს შეუწყობენ ეკონომიკური რეფორმის პროცესს თავიანთი შესაბამისი ეკონომიკების ძირეული პრინციპების  უკეთ გაცნობიერების, ეკონომიკური პოლიტიკის ფორმულირებისა და იმპლემენტაციის გზით.
საქართველო უნდა მიისწრაფოდეს, რომ დააფუძნოს ქმედითი საბაზრო ეკონომიკა და ეტაპობრივად დაუახლოოს საკუთარი ეკონომიკური და ფინანსური   რეგულაციები ევროკავშირის რეგულაციებს და იმავდროულად უზრუნველყოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარება. 
 ნაწყვეტი 8.
  ამ მიზნით, მხარეები თანხმდებიან, წარმართონ რეგულარული ეკონომიკური დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს:
მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და პოლიტიკაზე, ისევე, როგორც სტრუქტურულ რეფორმებზე, მათ შორის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებზე,  ინფორმაციის გაცვლას;
პროფესიული გამოცდილების და  მოწინავე პრაქტიკის გაცვლას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საჯარო ფინანსები, მონეტარული და გაცვლითი კურსის შესახებ პოლიტიკის ჩარჩოები, ფინანსური სექტორის პოლიტიკა და ეკონომიკური სტატისტიკა;
ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის, მათ შორის, ევროპის ეკონომიკური და სავალუტო კავშირის ფუნქციონირების შესახებ;
ეკონომიკის, საფინანსო და სტატისტიკის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის სტატუსის განხილვას.


V I კარი
გარემოს დაცვა, ბუნებრივი და ხელოვნური კატასროფების მართვა და პრევენცია, აგრეთვე ჯანდაცვა, განათლება და სხვა.
ყველაფერი ის, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება.  ევროკავშირის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემთხვევაში:
პირველ რიგში გაუმჯობესდება საქართველოს კანონმდებლობა და ინსტიტუციური მოწყობა.
ამის შედეგად ჩვენ გვექნება უფრო მეტი ინსტრუმენტი, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში დავგეგმოთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ხოლო მომზადებული პროგრამები და პროექტები იყოს უფრო მაღალი ხარისხის.
საზოგადოების მონაწილეობა და ჩართულობა კი მოგვცემს საშუალებას თავიდან ავიცილოთ ის ნეგატიური ზემოქმედება, რომელსაც დღეს ასე ხშირად ვხედავთ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მაგ.,ენერგეტიკაში გასატარებელი ღონისძიებების ძირითადი ნაწილი იქნება განახლებადი ენერგიების გაფართოება და ენერგოდაზოგვა. ეს ერთი მხრივ გაზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობას, ხოლო მეორე მხრივ თავიდან აგვაცილებს ისეთ უარყოფით პრაქტიკას, როგორიცაა მდინარეების ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.
მნიშვნელოვანია იმ ღონისძიებების გატარება, რომელიც ჰაერისა და წყლის  დაბინძურებას შეეხება. თითქოს ეს ძალიან რთულია და ძალიან ძვირი, მაგრამ სინამდვილეში ეს აისახება ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობაზე.
თუ ყველა ამ ღონისძიებას გავატერებთ, 2020 წლისათვის ჩვენ შევძლებთ ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ლეტალური შედეგების შემცირებას, ეს არც ისე ცოტა, დაახლოებით 600-მდე ადამიანს შეეხება. ხოლო ჯანმრთელობისთვის გამოყოფილი თანხების დაზოგვა თავის მხრივ გააუმჯობესებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს, რადგანაც ჩვენ შევძლებთ ამ თანხების გამოყენებას სხვა მიმართულებით.

მითი 1.
მუხლი-362
ნაწყვეტი 1. მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) 2005 წლის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციით განმტკიცებული პრინციპების სათანადოდ გათვალისწინების გზით. საერთო ინტერესების სფეროებში, მხარეები წარმართავენ მუდმივ დიალოგს დარგობრივ პოლიტიკაში, მათ შორის,  ევროკავშირსა და საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კუთხით.  მხარეთა შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კულტურათაშორის დიალოგს, ევროკავშირისა და საქართველოს კულტურის სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გზით.
მითი 3.
მუხლი 349
ნაწყვეტი 2. თანამშრომლობა, რომელიც დაფუძნებულია ინფორმაციის გაცვლასა და საუკეთესო გამოცდილებაზე, შესაძლოა, მოიცავდეს გარკვეულ  საკითხებს შემდეგი სფეროებიდან:
სიღარიბის შემცირება და სოციალური ინტეგრაციის გაძლიერება;
დასაქმების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილისა და სათანადო სამუშაო პირობების შექმნისკენ, ჩრდილოვანი ეკონომიკისა და არაფორმალური დასაქმების შემცირების ჩათვლით;
შრომის ბაზართან დაკავშირებით აქტიური ზომებისა და ეფექტიანი დასაქმების სერვისების ხელშეწყობა, მხარეთა შრომის ბაზრების მოდერნიზაციისა და შრომის ბაზრების საჭიროებების ადაპტაციის მიზნით;
 მეტად ინკლუზიური შრომის ბაზრებისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესება, რაც აერთიანებს სოციალურად დაუცველ ადამიანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და უმცირესობათა ჯგუფებს მიკუთვნებული ადამიანების ჩათვლით;
თანაბარი შესაძლებლობები და ანტიდისკრიმინაცია,  რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და მამაკაცსა და ქალს შორის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, ასევე, სქესის, რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის ან მრწამსის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას;
სოციალური პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს  სოციალური უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებას, თანასწორობის, ხელმისაწვდომობისა და ფინანსური მდგრადობის კუთხით;
სოციალური პარტნიორების მონაწილეობის გაძლიერება და სოციალური დიალოგის ხელშეწყობა, მათ შორის, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის შესაძლებლობების გაძლიერების გზით;

V I I კარი

ევროკავშირი საქართველოს ფინანსურად დაეხმარება, თუ საქართველო დაგეგმავს იმ რეფორმების განხორციელებას, რაც ამავე ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
ზოგადად ევროკავშირი მსხვილი დონორია საქართველოსთვის ამ ბოლო წლების განმავლობაში. ეს დამატებითი ფინანსური ინსტრუმენტები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის -  ბევრი რეფორმა იქნება გასატარებელი, რისთვისაც შესაბამისი ფინანსური რესურსია საჭირო;
სხვადასხვა რეფორმისთვის გადმორიცხული თანხები მკაცრად იქნება გაკონტროლებული, რისთვისაც სპეციალური მექანიზმებია ჩადებული ხელშეკრულებაშიკონტროლებული ევროკავშირის მხრიდან.
 ევროკომისია და აუდიტორთა სასამართლო ამ ხარჯებს აკონტროლებს, აგრეთვე არსებობს გარკვეული ნაბიჯების სხვადასხვა ინსტრუმენტები თაღლითობისა და კორუფციის წინააღმდეგ, რომ არ მოხდეს საჩუქრის, ე.წ. გრანტის სახით  გადმოცემული თანხების არამიზნობრივად ხარჯვა. 
ასოცირების ხელშეკრულების ამ თავში აღნიშნულია, რომ საქართველოს საშუალება ექნება ევროპის საინვესტიციო ბანკის რესურსით სარგებლობის, როგორიცაა შეღავათიანი სესხები და სხვა ინსტრუმენტები, რომლებიც გააჩნია ევროკავშირს.
ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში პირდაპირ მიუთითა, რომ საქართველოს შეუძლია მიმართოს ევროკავშირს გაწევრიანების შესახებ აპლიკაციით, ამით დიდი პერსპექტივა იხსნება ფინანსური დახმარების კუთხით, ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოსთვის რთულია საკუთარი რესურსით კონკურენტული იყოს და დასახული გეგმები და ვალდებულებები  შეასრულოს. ვინაიდან შიდა ინვესტიციები და შემოსავლები შეზღუდული გვაქვს და არ გაგვაჩნია ისეთი რესურსი როგორიცაა ნავთობი ან და რაიმე სხვა ძვირფასი რესურსი. ამიტომ, საგარეო დახმარებას ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის, ერთი მხრივ, დაუახლოვდეს ცივილიზებულ სამყაროს, გაატაროს ისეთი რეფორმები, რაც მოგვცემს უკეთეს ჯანდაცვას, უკეთეს საკვებს, უკეთეს განათლებას.
ამავე დროს, რეფორმების განხორციელებაში ჩვენ მივიღებთ სერიოზულ  ფინანსურ დაინტერესებას, რათა ჩვენ გვქონდეს მეტი მოტივაცია, რომ ეს ყველაფერი  განვახორციელოთ.
მითი 17, 18, 19
მუხლი 383, 385,
ნაწყვეტი 11. საქართველო ისარგებლებს   ფინანსური დახმარებით, რომელიც განხორციელდება ევროკავშირის დაფინანსების შესაბამისი მექანიზმებისა და ფინანსური ინსტრუმენტების მეშვეობით. საქართველო, ასევე, ისარგებლებს თანამშრომლობით ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ფინანსური დახმარება წვლილს შეიტანს წინამდებარე შეთანხმების მიზნების მიღწევაში და უზრუნველყოფილი იქნება ამ თავის შესაბამისად.  
ნაწყვეტი 12. მხარეებს შორის  შეთანხმებული ევროკავშირის ფინანსური დახმარების პრიორიტეტული სფეროები გაიწერება ყოველწლიურ სამოქმედო პროგრამებში, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, დაფუძნებული იქნება მრავალწლიან ფორმატზე, რაც ეხმიანება შეთანხმებული პოლიტიკის პრიორიტეტებს. აღნიშნული პროგრამებით დადგენილი დახმარების თანხის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს საჭიროებების, დარგის შესაძლებლობებისა და რეფორმების პროგრესის შესაბამისად, კერძოდ კი, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში. 


VIII კარი
საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მე-8 კარი ინსტიტუციურ თანამშრომლობასა და ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნას შეეხება.   
იმისათვის რომ მოხდეს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება და შესრულებაზე ზედამხედველობა, პოლიტიკური დიალოგის უზრუნველსაყოფად საქართველო და ევროკავშირი ქმნიან სხვადასხვა დონის ინსტიტუციებს.
უმნიშვნელოვანესია, რომ ამ კუთხით იქმნება ასოცირების საბჭო, რომელშიც შევლენ როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მინისტრების დონეზე.
ასოცირების საბჭო:
 შეიკრიბება მინიმუმ წელიწადში ერთხელ;
 განიხილავს მიმდინარე საკითხებს;
 მონიტორინგს გაუწევს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.
 იქმნება ასოცირების კომიტეტი, რომელიც:
 რეგულარულად გააანალიზებს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას;
 შეიკრიბება იმ თანმიმდევრობით, რაც საჭირო იქნება აღნიშნული ხელშეკრულების შესასრულებლად.
იქმნება სპეციალური კომიტეტები და ქვეკომიტეტები,  რომლებიც დაეხმარება ასოცირების კომიტეტის მუშაობას;
ასოცირების იმპლემენტაციის პროცესში ჩართული არის  საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც, კერძოდ ევროპის პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ქმნიან ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს, რომელიც იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში, რათა მოხდეს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველობა.
ამასთანავე ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. კერძოდ, იქმნება ასოცირების პლატფორმა, სადაც გაერთიანებულები იქნებიან როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები. ევროკავშირის მხრიდან მასში ჩაერთვება აგრეთვე  ეკონომიკური და სოციალური განვითარების კომიტეტიც.

ამით ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩაერთვებიან არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ მასში ჩართვის საშუალება მიეცემათ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც.

ასოცირების ხელშეკრულება ფორმდება განუსაზღვრელი ვადით, ხოლო მისი ძალაში შესვლა სრულად მოხდება მას შემდეგ,რაც იგი გაივლის რატიფიცირების პროცედურებს როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირში.
მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას დროებით, ნაწილობრივ გამოიყენებენ.
ინსტიტუციების შექმნის შედეგად უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არ დარჩეს მხოლოდ ქაღალდზე, არამედ   მოხდეს მისი ცხოვრებაში გატარება.

No comments:

Post a Comment